2022 წლის 3 მარტი: უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჩვენ დროებით შევაჩერებთ Google-ისა და YouTube რეკლამების განთავსებას რუსეთში მყოფი მომხმარებლებისთვის. შევაჩერებთ მონეტიზაციის ყველა ფუნქციაზე (მაგ., არხის წევრობები, სუპერ ჩეთი, Super Stickers და Merch) წვდომასაც რუსეთში მყოფი მნახველებისთვის. შეიტყვეთ მეტი.
მნიშვნელოვანია, რომ YouTube-ზე მონეტიზაციისას თქვენი არხი აკმაყოფილებდეს YouTube-ის მონეტიზაციის წესებს. აღნიშნული მოიცავს ქვემოთ აღწერილ წესებს და, ასევე, YouTube-ის საზოგადოების წესდებას, მომსახურების პირობებს, საავტორო უფლებებს, უფლებათა მოპოვების გამო კორექტირების წესებსა და პროგრამის დებულებებს.
ეს წესები ვრცელდება YouTube პარტნიორთა პროგრამის არსებულ და მომავალ წევრებზე. YouTube Shorts-ის მონეტიზაციის წესები დამატებით ვრცელდება Shorts-ის YouTube-ზე მონეტიზაციის შემთხვევაში.
რეკლამის საშუალებით მონეტიზაციაში მონაწილე კონტენტი უნდა აკმაყოფილებდეს რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს. ფანებისგან დაფინანსების ფუნქციებით შემოსავლის მისაღებად ახალბედა წევრები ფუნქციების ინდივიდუალურად ჩართვამდე უნდა დაეთანხმონ კომერციული პროდუქტების მოდულს (CPM). ფანებისგან დაფინანსების ფუნქციების გამოყენებით მონეტიზაციისას თქვენც უნდა დაიცვათ კომერციული პროდუქტების მონეტიზაციის წესები.
წარმოგიდგენთ თითოეული მნიშვნელოვანი წესის მიმოხილვას. დარწმუნდით, რომ თითოეულ წესს გულდასმით გაეცანით, რადგან მათი მეშვეობით შემოწმდება თქვენი არხის მონეტიზაციისთვის შესაბამისობა. ჩვენი მიმომხილველები რეგულარულად ამოწმებენ, იცავს თუ არა მონეტიზაციის მქონე არხები ამ წესებს. შეიტყვეთ ვრცლად, თუ როგორ აღვასრულებთ აღნიშნულ წესებს.
გახსოვდეთ, რომ ამ გვერდზე ტერმინ „ვიდეოს“ გამოყენებისას ვგულისხმობთ მოკლე ვიდეოებს, ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის მქონე ვიდეოებსა და პირდაპირ სტრიმინგებს. აღნიშნული წესები ვრცელდება ვიდეოების ნახვებზე, ნებისმიერ პლატფორმაზე, მათ შორის, ყურების გვერდზე (YouTube-ში, YouTube Music-ში ან YouTube Kids-ში არსებული გვერდები), YouTube-ის ვიდეო დამკვრელში (დამკვრელი, რომლითაც YouTube-ის კონტენტის სხვა საიტებზე ჩაშენდება) და YouTube Shorts-ის დამკვრელში (დამკვრელი Shorts-ისთვის).
რას ვამოწმებთ თქვენი არხის მიმოხილვისას
თუ YouTube-ზე თანხის გამომუშავება გსურთ, თქვენი კონტენტი ორიგინალი და ავთენტური უნდა იყოს. შესაბამისად, ველით, რომ თქვენი კონტენტი:
- იქნება თქვენი ორიგინალი ნამუშევარი. სხვისი კონტენტის გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა, იგი იმდენად შეცვალოთ, რომ საკუთარ ნამუშევრად აქციოთ.
- არ უნდა იყოს მასობრივად წარმოებული ან განმეორებითი. კონტენტს უნდა ქმნიდეთ არა მარტო ნახვების მიღების, არამედ მნახველების გართობის ან მათთვის ცოდნის გაზიარების მიზნით.
ჩვენი მიმომხილველები შეამოწმებენ თქვენი არხისა და კონტენტის ჩვენს წესებთან შესაბამისობას. რადგანაც ჩვენი მიმომხილველები ვერ შეძლებენ ყოველი ვიდეოს შემოწმებას, ისინი ყურადღებით შეისწავლიან თქვენი არხის:
- ძირითად თემატიკას
- ყველაზე ხშირად ნანახ ვიდეოებს
- უახლეს ვიდეოებს
- ყურების დროის უდიდესი წილის მქონე კონტენტს
- ვიდეოების მეტამონაცემებს (მათ შორის, სათაურებს, ესკიზებსა და აღწერილობებს)
- არხის „ინფორმაციის“ სექციას.
ზემოაღნიშნული ჩამონათვალი მხოლოდ მაგალითია იმისა, რაც ჩვენმა მიმომხილველებმა შეიძლება შეაფასონ. გახსოვდეთ, რომ ჩვენს მიმომხილველებს შეუძლიათ და შეიძლება შეამოწმონ თქვენი არხის სხვა ნაწილებიც, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი სრულად იცავს ჩვენს წესებს.
YouTube-ის საზოგადოების წესდების დაცვა
ეს მითითებები YouTube-ს მიმზიდველ ადგილად ხდის მნახველებისთვის, შემქმნელებისა და რეკლამის განმთავსებლებისთვის. YouTube-ზე ყველას ევალება ჩვენი საზოგადოების წესდების დაცვა, მათ შორის, თქვენ მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი კონტენტიც უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების წესდებას.
მონეტიზაციის შემქმნელმა უნდა იცოდეს, რომ აღნიშნული წესდება ვრცელდება არ მხოლოდ ცალკეულ ვიდეოებზე, არამედ მთლიანად არხზე. YouTube-ის საზოგადოების წესდების დამრღვევი კონტენტი ვერ შეძლებს მონეტიზაციას და ამოიშლება YouTube-იდან.არაავთენტური კონტენტი
არაავთენტური კონტენტი გულისხმობს მასობრივად წარმოებულ ან განმეორებით კონტენტს. იგულისხმება კონტენტი, რომელშიც ვიდეოები შაბლონით დამზადებულს ჰგავს და თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე, კონტენტი, რომლის დიდი რაოდენობით შექმნაც მარტივადაა შესაძლებელი.
აღნიშნული წესები ვრცელდება მთლიანად თქვენს არხზე. სხვა სიტყვებით, თუ თქვენი ბევრი ვიდეო არღვევს ჩვენს მითითებებს, მონეტიზაცია შეიძლება მთლიანად არხს შეუჩერდეს.
რისი მონეტიზაციაა დაშვებული
წინამდებარე წესები უზრუნველყოფს, რომ მონეტიზებული კონტენტი მნახველებს რეალურად საინტერესო და მიმზიდველ გამოცდილებას სთავაზობდეს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მნახველი მკაფიოდ განაცხადებს, რომ თქვენი არხის ვიდეოები განსხვავებულია ერთმანეთისგან, მაშინ მათი მონეტიზაცია შესაძლებელია. ვიცით, რომ ბევრი არხი ქმნის კონტენტს, რომელიც მსგავს პრინციპს ეფუძნება. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თითოეული ვიდეოს შინაარსი არსებითად განსხვავებული იყოს.
მაგალითები კონტენტისა, რომლის მონეტიზებაც დაშვებულია (მათ შორის და არა მხოლოდ):
- თქვენს ვიდეოებს ერთი და იგივე შესავალი და დასასრული აქვს, მაგრამ თქვენი კონტენტის ძირითადი ნაწილი განსხვავდება
- მსგავსი კონტენტი, რომელშიც თითოეული ვიდეო კონკრეტულად საუბრობს თქვენ მიერ წარმოდგენილი ობიექტის თვისებებზე
- მსგავსი ობიექტების ერთად რედაქტირებული მოკლე, ამოჭრილი კადრები, რომლებშიც თქვენ განმარტავთ, როგორაა ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული
კონტენტი, რომელიც არღვევს ამ წესებს
თუ არხის კონტენტი შედგება ერთმანეთის მსგავსი ვიდეოებისგან, მნახველები შეიძლება იმედგაცრუებული დარჩნენ, როცა YouTube-ზე საინტერესო და ამაღელვებელი ვიდეოების სანახავად შედიან. ეს ნიშნავს, რომ არხებს, რომელთა ვიდეოებს შორისაც კონტენტი მხოლოდ ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან, არ ექნება მონეტიზაციის უფლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი არხი არ უნდა შეიცავდეს ისეთ კონტენტს, რომელიც შაბლონის გამოყენებით შექმნილს ჰგავს და მისი მასობრივად ტირაჟირებაა შესაძლებელი.
მაგალითები კონტენტისა, რომლის მონეტიზებაც დაუშვებელია (ეს არასრული სიაა):
- კონტენტი, რომელიც გულისხმობს წაკითხვას მხოლოდ ისეთი მასალებისა (მაგალითად, ტექსტები ვებსაიტებიდან ან ახალი ამბების არხებიდან), რომელთა ავტორიც თქვენ არ ხართ
- ტონალობისა და ტემპის ცვლილებით გადაკეთებული სიმღერები, რომლებიც სხვა მხრივ ორიგინალის იდენტურია
- მსგავსი, განმეორებადი კონტენტი დაბალი საგანმანათლებლო ღირებულებით, კომენტირებით, თხრობითა თუ ვიდეოებს შორის მინიმალური ვარიაციით
- სხვადასხვა ვიდეოში მსგავსი ან არაორიგინალი შაბლონის გამოყენებით მასობრივად შექმნილი კონტენტი
- სურათებიანი სლაიდშოუები, შაბლონური სიუჟეტური ხაზები ან მოძრავი ტექსტები არარსებული ან მინიმალური თხრობით, კომენტირებითა და საგანმანათლებლო ღირებულებით
- ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კონტენტი, რომელიც დამზადებულია ზოგადი შაბლონების გამოყენებით და ქმნის მასობრივი წარმოების შთაბეჭდილებას, შემქმნელის ორიგინალი, ავთენტური ანალიზის ან პერსპექტივის დამატების გარეშე
ხელახლა გამოყენებული კონტენტი
ხელახლა გამოყენებული კონტენტი აქვს არხს, რომელიც განსხვავებული მიზნობრიობით იყენებს YouTube-იდან ან სხვა ონლაინწყაროდან უკვე არსებულ კონტენტს, საგულისხმო კომენტირების ან ცვლილების, საგანმანათლებლო ან გასართობი ღირებულების მინიჭების გარეშე. ხელახლა გამოყენებული კონტენტი, ასევე, ცნობილია როგორც არსებულის დუბლიკატი ან სკრეპინგის შედეგად მიღებული კონტენტი (სხვა ვებსაიტებზე უკვე არსებული უნიკალური ან ორიგინალი კონტენტის მითვისება და როგორც საკუთარი კონტენტის გამოქვეყნება).
იმისათვის, რომ დადგინდეს, მიეკუთვნება თუ არა თქვენი კონტენტი ხელახლა გამოყენებული კონტენტის ტიპს, მიმომხილველები შეამოწმებენ თქვენს არხს, რომ გაიგონ, როგორ შექმენით ან როგორ იყავით ჩართული თქვენი კონტენტის შექმნაში. მიმომხილველებმა შესაძლოა შეამოწმონ თქვენი არხის:
- ვიდეოები
- აღწერილობა
- ვიდეოს სათაური
- ვიდეოს აღწერილობა
ხელახლა გამოყენებული კონტენტის წესები ვრცელდება თქვენს მთლიან არხზე. თუ გაქვთ ვიდეოები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს მითითებებს ან ვერ ვადასტურებთ, რომ კონტენტის შემქმნელი თქვენ ხართ, მონეტიზაცია შესაძლოა შეუწყდეს მთლიანად თქვენს არხს.
რისი მონეტიზაციაა დაშვებული
ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ორიგინალი და „ავთენტური“ კონტენტის შემქმნელებს, რომლებიც მნახველებისთვის საინტერესო და ღირებულ კონტენტს ქმნიან. თუ საზრიან ან სახალისო ცვლილებას შეიტანთ კონტენტში, რომელიც თავად არ შეგიქმნიათ (ჩვენი ქვემოაღნიშნული მითითებების შესაბამისად), გარკვეულწილად მას უკვე გარდაქმნით. ამ ტიპის კონტენტის არხზე განთავსება დასაშვებია, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში, ვიდეო შეიძლება ექვემდებარებოდეს სხვა წესებსაც, როგორიცაა საავტორო უფლებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთან დაშვებულია ხელახლა გამოყენებული კონტენტი, თუ მნახველებს შეუძლიათ თქვან, რომ ორიგინალ და თქვენს ვიდეოს შორის არსებითი სხვაობაა.
მაგალითები კონტენტისა, რომლის მონეტიზებაც დაშვებულია (მათ შორის და არა მხოლოდ):
- ამოჭრილი კადრების გამოყენება კრიტიკული მიმოხილვისთვის
- სცენა ფილმიდან, რომელშიც შეცვლილია დიალოგი და გახმოვანება
- სპორტული ტურნირის ჩანაწერები, რომლებშიც განმარტავთ, რა გააკეთა მონაწილემ წარმატებით ან წარუმატებლად
- რეაგირების ვიდეოები, რომლებშიც ორიგინალ ვიდეოზე აკეთებთ კომენტარებს
- სხვა შემქმნელის კადრები, რომლებსაც არედაქტირებთ სიუჟეტური ხაზის ან კომენტარების დამატებით
- Shorts ვიდეოებში რემიქსების რედაქტირება, მაგალითად, ორიგინალი კონტენტის დართვა ჩვენი ბიბლიოთეკიდან ამორჩეულ სიმღერაზე ან სხვა ვიდეოდან აუდიო ან ვიდეო სეგმენტის თქვენს კონტენტზე დადება.
- კონტენტი, რომელშიც, ძირითადად, ვიდეოს შემქმნელი და ამტვირთავი ფიგურირებს.
- სხვა ონლაინწყაროდან ხელახლა გამოყენებული კონტენტი, რომელშიც მისი შემქმნელი ან ჩანს ან განმარტებულია, რა სიახლე შესძინა შემქმნელმა კონტენტს.
- ხელახლა გამოყენებული ვიდეოკონტენტის აუდიო და ვიზუალური ეფექტებით რედაქტირება, რაც მიუთითებს ვიდეოში არსებითი ცვლილებების შეტანასა და თქვენი არხისთვის კონტენტის უნიკალურურობაზე
კონტენტი, რომელიც არღვევს ამ წესებს
ამ მითითებების დარღვევად მიიჩნევა სხვისი კონტენტის მითვისება, მასში მინიმალური ცვლილებების შეტანა და საკუთარ ორიგინალ ნამუშევრად წარმოჩენა. თუ ვერ ვახერხებთ იმის დადასტურებას, რომ კონტენტი თქვენია, შესაძლოა იგი იქცეს ხელახლა გამოყენებული კონტენტის წესების მიხედვით განხილვის საგნად. აღნიშნული წესები ვრცელდება მაშინაც, თუკი თავდაპირველი შემქმნელისგან ნებართვა გაქვთ. ხელახლა გამოყენებულ კონტენტზე არ ვრცელდება YouTube-ის საავტორო უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არა საავტორო უფლებების დაცვით ან ნებართვით გამოყენებას, არამედ სამართლიან გამოყენებას ეფუძნება. აღნიშნული წესდება ზოგჯერ ნიშნავს იმასაც, რომ თქვენ შეიძლება არ მიიღოთ საჩივრები თქვენი კონტენტის შესახებ, მაგრამ თქვენი არხი მაინც არღვევდეს ჩვენს ხელახლა გამოყენებული კონტენტის წესებს.
სხვა მაგალითები კონტენტისა, რომლის მონეტიზებაც დაუშვებელია (ეს არასრული სიაა):
- თქვენი საყვარელი შოუს მომენტების ამოჭრილი და ერთად დამონტაჟებული კადრები, მცირე კომენტარებით ან თხრობის გარეშე
- მოკლე ვიდეოები, რომლებიც სხვა სოციალური მედიის ვებსაიტებიდან შეადგინეთ
- სხვადასხვა მუსიკოსის სიმღერების კოლექციები (მაშინაც კი, თუ მათი ნებართვა გაქვთ)
- სხვა შემქმნელების მიერ მრავალჯერ ატვირთული კონტენტი
- სხვა ადამიანების კონტენტის პოპულარიზაცია (თუნდაც ნებართვით)
- არსებითი ცვლილებების გარეშე სხვა ონლაინწყაროდან კოპირებული ან ჩამოტვირთული კონტენტი
- კონტენტი, რომელიც ნახვებს უმეტესწილად იღებს არავერბალური რეაქციებიდან თქვენს იმ ვიდეოებზე, რომლებზეც არ არის დამატებული ხმოვანი კომენტარი
თუ თქვენი არხი „ბავშვებისთვის შექმნილ“ კონტენტს აწარმოებს, ჩვენ გამოვიყენებთ YouTube-ის ხარისხის პრინციპებს საბავშვო და საოჯახო კონტენტისთვის, რათა განვსაზღვროთ აღნიშნული კონტენტის მონეტიზაციის სტატუსი.
თუ აღმოვაჩენთ, რომ თქვენს არხს „ბავშვებისთვის შექმნილი“ ძალიან დაბალი ხარისხის კონტენტი აქვს, მას შეიძლება შეუჩერდეს YouTube პარტნიორთა პროგრამაში მონაწილეობა. თუ ცალკეული ვიდეო არღვევს ხარისხის ზემოხსენებულ პრინციპებს, მასში შეიძლება შეზღუდულად ან საერთოდ არ განთავსდეს რეკლამები.
თქვენი „ბავშვებისთვის შექმნილი“ კონტენტის ხარისხის შემოწმებისას ყურადღება ექცევა თითოეულ ნიუანსსა თუ კონტექსტს. გაეცანით ჩვენს საუკეთესო გამოცდილებებს საბავშვო და საოჯახო კონტენტის შესახებ.
ხარისხის პრინციპების გამოყენება მონეტიზაციასთან შესაბამისობისთვის
არსებობს დაბალი ხარისხის შესახებ რამდენიმე პრინციპი, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მთლიანი ვიდეოს ხარისხზე. ჩვენ პერიოდულად განვიხილავთ თითოეულ პრინციპს, როგორც ფაქტორს მონეტიზაციასთან შესაბამისობისთვის. ამჟამად წესებს აღვასრულებთ დაბალი ხარისხის საბავშვო და საოჯახო კონტენტის წინააღმდეგ. მომავალში შეიძლება გავაფართოოთ ხარისხის პრინციპების მოქმედების სფერო.
- აშკარად სარეკლამო: კონტენტი, რომელიც ძირითადად შეიცავს პროდუქტებს, ბრენდებსა და ლოგოებს (მაგალითად, სათამაშოების ან საჭმლის) ან წაახალისებს არასაჭირო შენაძენებს, როგორიცაა შეფუთვის გახსნის ვიდეოები.
- უარყოფითი ქცევების ან დამოკიდებულებების წახალისება: კონტენტი, რომელიც წაახალისებს სახიფათო აქტივობებს, ფლანგვას, დაჩაგვრას, არაგულწრფელობას ან სხვების უპატივცემულობას. მაგალითად, ეს კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს სახიფათო/საფრთხის შემცველ ოინებს, არაჯანსაღი კვების ჩვევებს.
- მოჩვენებითად საგანმანათლებლო: იგულისხმება კონტენტი, რომელიც სათაურებსა და ესკიზებს იყენებს საიმისოდ, რომ ბავშვებს დააჯეროს, თითქოს ის საგანმანათლებლოა, როცა სინამდვილეში არაა მსგავსი ღირებულების მატარებელი. ის შეიძლება რაღაცის, მაგალითად, ფერების ან რიცხვების, სწავლის დაპირებას იძლეოდეს, მაგრამ აჩვენებდეს არასწორ ან გამოუსადეგარ ინფორმაციას.
- ძნელად გასაგები: ვიდეოები, რომლებიც დამაბნეველია ან რთულია მათგან აზრის გამოტანა, რაც ხშირად გამოწვეულია არეული სიუჟეტით (გაურკვეველია დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული) ან ბუნდოვანი აუდიოთი. ამგვარი ვიდეო ხშირად მასობრივი წარმოების ან ავტომატური გენერირების შედეგია.
- სენსაციური ან შეცდომაში შემყვანი: კონტენტი, რომელიც შეიცავს ცრუ, გაზვიადებულ ან უცნაურ მტკიცებებს და რომელმაც შეიძლება დააბნიოს ახალგაზრდა აუდიტორია. ის შეიძლება შეიცავდეს „საკვანძო სიტყვების სიჭარბეს“ ან ბავშვებისთვის საინტერესო, პოპულარული საკვანძო სიტყვების განმეორებითი, შეცვლილი ან გაზვიადებული გზით გამოყენების მეთოდს. საკვანძო სიტყვები შეიძლება გამოყენებული იყოს უაზროდაც.
- საბავშვო პერსონაჟების უჩვეულო გამოყენება: ეს კონტენტი შეუფერებელ ან პოტენციურად სარისკო სიტუაციებში იღებს ბავშვებისთვის ნაცნობ და საყვარელ პერსონაჟებს (ანიმაციებიდან ან ფილმებიდან).
YouTube პარტნიორთა პროგრამის შემქმნელებისგან ველით კეთილსინდისიერებას და ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ მიმართავენ შეცდომაში შემყვან რომელიმე პრაქტიკას.
ეს იმას ნიშნავს, რომ შემქმნელებმა ხელოვნურად არ უნდა გაზარდონ არხის ჩართულობა ნახვებით, გამოწერებით, მოწონებებით, ყურების დროითა თუ რეკლამების ჩვენებებით. ასევე, შემქმნელებმა არ უნდა წაახალისონ შეუსაბამო კონტენტზე ბუნებრივი ჩართულობა მათ წაშლამდე ან ობფუსკაციამდე. ამგვარი ქცევა შეიძლება გახდეს YouTube პარტნიორთა პროგრამიდან თქვენი არხების ამოშლის ან მათი მოქმედების შეწყვეტის საფუძველი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი პროგრამის დებულებები
შემქმნელებმა ფინანსურად გაუმართლებელ აქტივობებში მონაწილეობით (მაგალითად, უკანონო, თაღლითური და შეცდომაში შემყვანი ტრანზაქციებისთვის მონეტიზაციის ფუნქციების გამოყენებით) შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ მომხმარებლები ან YouTube. თუ ამ წესს დაარღვევთ, შეიძლება ამოგშალოთ YouTube პარტნიორთა პროგრამიდან ან მოქმედება შევუჩეროთ თქვენს არხებს.
YouTube მუდმივად ცვლის და აუმჯობესებს თავის სერვისს, რათა მოერგოს სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს. ჩვენ შეიძლება შევცვალოთ წესები და პირობები ან დებულებები, რომლებიც თქვენ მიერ სერვისის გამოყენებაზე ვრცელდება. კერძოდ, შეიძლება შეიცვალოს მომსახურების პირობები და YouTube პარტნიორთა პროგრამის პირობები, ჩვენი წესები და სხვა საკონტრაქტო დოკუმენტაცია, რათა ჩვენს სერვისებში აისახოს შესაბამისი ცვლილებები სამართლებრივი, მარეგულირებელი თუ უსაფრთხოების მოთხოვნების კუთხით.
წერილობით გაცნობებთ, როცა შევიტანთ ისეთ ცვლილებას, რომელიც თქვენზე გავლენას მოახდენს. თუ შეცვლილ პირობებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ შეწყვიტოთ შესაბამისი ფუნქციის გამოყენება ან გააუქმოთ ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულება.
საიმისოდ, რომ გქონდეთ უახლესი ინფორმაცია წესების განახლების თაობაზე, ვაწარმოებთ ცვლილებების ჟურნალს. ჩვენი ცვლილებების ჟურნალის ნახვა.
შეზღუდული ხელმისაწვდომობა
ჩვენ შეიძლება დაგიკავოთ ან დაგიკორექტიროთ გამომუშავებული თანხები, რომლებიც დაკავშირებულია YouTube-ის არხის მონეტიზაციის წესების დამრღვევ კონტენტთან. ასევე, შეიძლება AdSense YouTube-ისთვის არხის ბალანსიდან ჩამოგაჭრათ თანხა, რომელიც ჯერ არ გაგიტანიათ ან გავქვითოთ ეს თანხა მომავალში თქვენი გამომუშავებული თანხებიდან.
ამგვარ დარღვევებთან დაკავშირებით მისაღები ზომების (გამომუშავებული თანხის დაკავება, კორექტირება ან გაქვითვა) განსაზღვრისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გადახდების 90 დღემდე ვადით ან მესამე მხარის საავტორო უფლებების მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე დაგვიანება.
დარღვევების მაგალითები, როცა შეიძლება თქვენი შემოსავლის დაკავებას ან კორექტირებას მივმართოთ, მათ შორის, მოიცავს შემდეგს:
- არასწორი ტრაფიკი თქვენს კონტენტზე
- ყალბი ჩართულობა
- კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია
თუ YouTube პარტნიორთა პროგრამაში თქვენი არხის მოქმედება შეწყვეტილი ან შეჩერებულია, შემოსავლის გამომუშავებას ვეღარ შეძლებთ. YouTube-მა, ასევე, შესაძლოა დაგიკავოთ გამომუშავებული თანხა და დაუბრუნოს ის რეკლამის განმთავსებლებს ან მნახველებს ისეთი შესყიდვებისთვის, რომლებისთვისაც აღნიშნული მიზანშეწონილი და შესაძლებელია.
ჩვენი წესების აღსრულების შესახებ წერილობით გაცნობებთ ელფოსტის ან უშუალოდ პროდუქტში. ასევე, გაგაცნობთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს.
სარეკლამო შემოსავლის შეზღუდვა თქვენს ვიდეოებზე
თქვენ, როგორც YouTube პარტნიორთა პროგრამის წევრს, შეგიძლიათ ვიდეოები სარეკლამო შემოსავლის გამომუშავებისთვის შესაბამისი გახადოთ, თუ რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს დააკმაყოფილებთ. თუმცა, თუ თქვენი ვიდეოები ვერ აკმაყოფილებს რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაბამისობის წესდებას ან არღვევს ჩვენს სხვა წესებს, მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვისა თუ საავტორო უფლებების შესახებ მითითებებს, თქვენს ვიდეოებს შეიძლება ჰქონდეს შეზღუდული სარეკლამო გამომუშავება ან საერთოდ არ ჰქონდეს იგი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს თქვენი კონტენტი მონეტიზაციის მოთხოვნებს, იხილეთ: თქვენი კონტენტის ჩანართი და შეტყობინებების მართვა თქვენს ვიდეოკონტენტზე.
YouTube არხის მონეტიზაციის წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენს რომელიმე ან ყველა ანგარიშზე მონეტიზაციის შეჩერება ან მისი სამუდამოდ შეწყვეტა. თუ დადგინდა, რომ თქვენი არხი ვეღარ აკმაყოფილებს მონეტიზაციის მოთხოვნებს, თქვენმა არხმა შეიძლება დაკარგოს წვდომა მონეტიზაციის ხელსაწყოებზე, ფუნქციებსა და მოდულებზე, რომლებიც დაკავშირებულია YouTube პარტნიორთა პროგრამასთან. თქვენც შეგიძლიათ მონეტიზაციის კონკრეტულ მოდულებზე უარის თქმა შემქმნელთა მხარდაჭერასთან დაკავშირების გზით.
მონაცემების შენარჩუნება
თუ თქვენსა და YouTube-ს შორის გაფორმებული მონეტიზაციის ხელშეკრულება შეწყდება, მაინც შეძლებთ YouTube ანალიტიკის მონაცემების მოთხოვნას იმ პერიოდისთვის, როცა პროგრამის წევრი იყავით, რისთვისაც შემქმნელთა მხარდაჭერას უნდა დაუკავშირდეთ.
თქვენი YouTube არხის მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა
გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოგვიხდეს არხის ან ანგარიშის მოქმედების შეწყვეტა ან მომხმარებლის სერვისზე წვდომის გათიშვა, რათა დავიცვათ პლატფორმის ხელშეუხებლობა და ჩვენი მომხმარებლები. შეიტყვეთ მეტი არხის მოქმედების შეწყვეტისა და Google ანგარიშის გათიშვის შესახებ; ასევე, იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი არხის ან ანგარიშის მოქმედება შეცდომით შეწყდა.
როგორ გაცნობებთ ქმედებებზე, რომლებიც თქვენს მონეტიზაციაზე ახდენს გავლენას
ჩვენი წესების აღსრულების შესახებ წერილობით გაცნობებთ ელფოსტის ან უშუალოდ პროდუქტში. ასევე, გაგაცნობთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს.
როგორ მიიღოთ დახმარება იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენზე გავლენას ახდენს
თუ YouTube პარტნიორთა პროგრამის მონაწილე ხართ, თქვენ წვდომა გაქვთ შემქმნელთა მხარდაჭერის ჩვენს გუნდზე.
თუ აღმოჩნდებით კონკრეტული პრობლემის წინაშე ან მოისურვებთ YouTube-ის მაქსიმალურად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მზად ვართ, დაგეხმაროთ:
- YouTube-ით სარგებლობის ოპტიმიზებაში
- ჩვენი ანალიტიკური ხელსაწყოებით სარგებლობის საუკეთესო პრინციპებთან გაცნობაში
- YouTube-ის ტექნიკური და სერვისის ასპექტების შესახებ მინიშნებების მიღებაში
- წესებსა და საავტორო უფლებების დებულებებთან გაცნობაში
- ანგარიშისა და არხის მართვის შესახებ არსებულ შეკითხვებზე პასუხების მიღებაში
- კონტენტის ID-სთან და უფლებების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში
- თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრასა და ხარვეზების გამოსწორებაში
თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ინსტრუქციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: შემქმნელთა მხარდაჭერასთან დაკავშირება და დახმარების მიღება YouTube შემქმნელის სახელით.