სამართლიანი გამოყენება YouTube-ზე

სამართლიანი გამოყენება სამართლებრივი ტერმინია, რომლის მიხედვითაც, საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის გამოყენება საავტორო უფლებების მფლობელის თანხმობის გარეშე დაშვებულია გარკვეულ შემთხვევებში.

YouTube საავტორო უფლებების მფლობელებისგან ბევრ მოთხოვნას იღებს ისეთი ვიდეოების წაშლის შესახებ, რომლებიც არღვევს საავტორო უფლებების კანონს. ზოგჯერ, ასეთი მოთხოვნები ეხება ვიდეოებს, რომლებიც წარმოადგენს საავტორო უფლებებიდან გამონაკლის შემთხვევებს ან შედის სამართლიანი გამოყენების ჩარჩოში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საავტორო უფლებების მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ, არის თუ არა შემთხვევა საავტორო უფლებებიდან გამონაკლისი, ვიდრე  საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნას წარადგენენ.

თუ ვიდეოში გამოყენებული საავტორო უფლებებით დაცული მასალა წარმოადგენს გამონაკლისს საავტორო უფლებებიდან, ვიდეო ჩაითვლება კანონიერად და არა დამრღვევად. სწორედ ამიტომ ვთხოვთ საავტორო უფლებების მფლობელებს, კარგად დაფიქრდნენ, წარმოადგენს თუ არა შემთხვევა გამონაკლისს საავტორო უფლებებიდან, სანამ YouTube-ს საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნით მიმართავენ. თუ საავტორო უფლებების მფლობელი დარწმუნებულია, რომ ვიდეო არ წარმოადგენს გამონაკლისს, ის ვალდებულია მოგვაწოდოს ამის სათანადო მტკიცებულება. 

თუ საავტორო უფლებების მფლობელი ვერ მოგვაწვდის სათანადო მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რატომ არ წარმოადგენს ვიდეო საავტორო უფლებებიდან გამონაკლისს, ვიდეო არ წაიშლება YouTube-დან. 

საავტორო უფლებებიდან გამონაკლისები მსოფლიოში

მართალია, საავტორო უფლებებიდან გამონაკლისის წესები ხშირად მსგავსია, თუმცა, მათ შორის არის განსხვავებებიც. სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონს სხვადასხვა წესები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის დასაშვები საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება საავტორო უფლებების მფლობელის თანხმობის გარეშე.

გახსოვდეთ, რომ საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნაზე რეაგირებისას ჩვენ ვითვალისწინებთ ადგილობრივ წესებს. შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ის ანგარიში საავტორო უფლებების გამჭვირვალობის შესახებ სადაც მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვრეაგირებთ საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნებზე, მათ შორის, რამდენად ხშირად ვითხოვთ დამატებით ინფორმაციას საავტორო უფლებების მფლობელებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ ვიდეო არ წარმოადგენს საავტორო უფლებებიდან გამონაკლისს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართლიან გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს კომენტარი, კრიტიკა, კვლევა, სწავლება ან ახალი ამბების გაშუქება. ევროკავშირის შემთხვევაში გამონაკლისები უფრო მკაცრად დაიშვება და უნდა მოერგოს კონკრეტულ კატეგორიებს, როგორებიცაა ციტირება, კრიტიკა, მიმოხილვა, კარიკატურა, პაროდია ან პოპური. სხვა ქვეყნებს/რეგიონებს აქვთ სამართლიანი გამოყენების კონცეფციები, რომლებიც შეიძლება სხვანაირად მოქმედებდეს.

საბოლოო ჯამში, სამართლიანი გამოყენების შემთხვევებზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, თითოეული საქმის ფაქტებიდან გამომდინარე. სანამ ატვირთავთ ვიდეოებს, რომლებიც ასახავს საავტორო უფლებებით დაცულ მასალას, უმჯობესია, გაიაროთ სამართლებრივი კონსულტაცია ექსპერტთან.

სამართლიანი გამოყენების ოთხი ფაქტორი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლეები წყვეტენ, რა ითვლება სამართლიან გამოყენებად. მოსამართლე წყვეტს, რამდენად შეესაბამება სამართლიანი გამოყენების ოთხი ფაქტორი თითოეულ შემთხვევას. სამართლიანი გამოყენების ოთხი ფაქტორია:

1. გამოყენების მიზანი და ხასიათი, მათ შორის, რამდენად გამიზნულია გამოყენება კომერციული მიზნებისთვის თუ არაკომერციული, საგანმანათლებლო მიზნებით.

როგორც წესი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, არის თუ არა საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება „გარდამქმნელი“ ხასიათის, ანუ შემატა თუ არა ამ გამოყენებამ საწყის მასალას გამოხატვის ფორმა ან აზრი, თუ ის უბრალოდ ორიგინალის ასლია.
კომერციული მიზნით გამოყენება იშვიათად შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან გამოყენებად, თუმცა, თუ ვიდეო სამართლიანად გამოყენებულ მასალას შეიცავს, მისი მონეტიზაცია შესაძლებელია.

2. საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრის ბუნება

სამართლიან გამოყენებად დიდი ალბათობით მიჩნეული იქნება ისეთი ნამუშევარი, რომელიც საწყის მასალად ფაქტებზე დაფუძნებულ ნამუშევარს იყენებს და არა მხატვრულს.

3. გამოყენებული წილის მოცულობა და მნიშვნელობა, საავტორო უფლებებით დაცულ მთლიან ნამუშევართან მიმართებით

ორიგინალი ნაშრომის მცირე ნაწილის გამოყენება, როგორც წესი, სამართლიან გამოყენებად ითვლება, ხოლო უფრო დიდი ნაწილების — არა. თუმცა, თუ ასეთი ნაწყვეტი ნამუშევრის ძირითად იდეას დაესესხა, შეიძლება, სასამართლომ მცირე ფრაგმენტის გამოყენებაც კი მიიჩნიოს არასამართლიან გამოყენებად.

4. გამოყენების ზეგავლენა საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრის სამომავლო გაყიდვებსა და ღირებულებაზე

ნაკლებად მოსალოდნელია, სამართლიანად ჩაითვალოს ისეთი გამოყენება, რომელიც საავტორო უფლებების მფლობელს ორიგინალი ნამუშევრიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას უზღუდავს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა სასამართლოს დაუშვია გამონაკლისი ამ ფაქტორთან მიმართებაში, კონკრეტული პაროდიების შემთხვევაში.

სამართლიანი გამოყენების მაგალითები

Donald Duck Meets Glenn Beck in Right Wing Radio Duck

„Donald Duck Meets Glenn Beck in Right Wing Radio Duck“

შემქმნელი: rebelliouspixels

ეს რემიქსი სხვადასხვა წყაროდან ამოკრეფილ მასალებს აერთიანებს. ნამუშევარი ახალ აზრს ქმნის პროვოკაციული რიტორიკის გავლენის შესახებ ეკონომიკური კრიზისის დროს. ამგვარი ნამუშევრები, რომლებიც ორიგინალ მასალას ახალ მნიშვნელობას სძენენ, შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან გამოყენებად.

YouTube-ის სამართლიანი გამოყენების დაცვის ინიციატივა

იშვიათ შემთხვევებში, მოგვიწვევია YouTube-ის შემქმნელები, შემოერთებოდნენ ინიციატივას, რომელიც საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნისგან დაიცავდა „სამართლიანი გამოყენების“ მაგალითებს YouTube-ზე. ამ ინიციატივის მეშვეობით, YouTube ერთ მილიონ აშშ დოლარამდე სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას სთავაზობს შემქმნელებს, თუ მათი სამართლიანად გამოყენებული ვიდეოების წაშლის მოთხოვნას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოჰყვა.

ამ ინიციატივის მიზანია, მისცეს შემქმნელებს შანსი, დაიცვან მათი ნამუშევრები. გარდა ამისა, ის მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს შემოქმედებითი სივრცე, სამართლიანი გამოყენების მნიშვნელობისა და შეზღუდვების შესახებ განათლების უზრუნველყოფის გზით. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ გამოყენებასთან დაკავშირებული წესები განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში, როგორც უკვე განვმარტეთ ზემოთ, ამ ინიციატივის შეთავაზება შეგვიძლია მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები შემქმნელებისთვის, რომლებიც თანახმანი არიან, რომ მათი ვიდეოები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შეერთებულ შტატებში.

YouTube-ის სამართლიანი გამოყენების დაცვის ინიციატივაში მოხვედრილი ვიდეოების მაგალითები

Fracking Next Door

სხვა მაგალითების სანახავად იხილეთ ჩვენი სამართლიანი გამოყენების დაცვის დასაკრავი სია.
შენიშვნა: თუ იმყოფებით აშშ-ში, შეძლებთ ამ დასაკრავ სიაში დაცული ვიდეოების ნახვას. სამწუხაროდ, თუ აშშ-ს გარეთ იმყოფებით, ამ დასაკრავ სიაში მოხვედრილ ვიდეოებს ვერ იხილავთ.

ეს ვიდეოები საავტორო უფლებების დარღვევის გამო ჩვენთან გამოგზავნილი ვიდეოს წაშლის მოთხოვნების მცირე ნაწილია. ისინი ასევე წარმოადგენს ყველა იმ სამართლიანი გამოყენების ვიდეოს, რომლებიც ექვემდებარება წაშლას.

ყოველ წელს, YouTube-ს მხოლოდ მცირე რაოდენობით ვიდეოებისთვის შეუძლია სამართლიანი გამოყენების დაცვა, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით აირჩევა. როგორც წესი, ამ მიზნისთვის ისეთ ვიდეოებს ვირჩევთ, რომლებიც უკეთ გამოხატავს სამართლიანი გამოყენების პრინციპს, სამართლიანი გამოყენების ოთხი ფაქტორის მიხედვით.

თუ ამ ინიციატივისთვის თქვენს ვიდეოს ავარჩევთ, ამის შესახებ შეგატყობინებთ. არ არის საჭირო, დაგვიკავშირდეთ და გვთხოვთ, დავიცვათ თქვენი ვიდეო. თავად დაგიკავშირდებით, თუ ასეთი დაცვის უზრუნველყოფა შეგვიძლია.

სამართლიანი გამოყენების ვიდეოების აღდგენა

მიუხედავად იმისა, რომ YouTube-ს არ შეუძლია ყველა შემქმნელი დაიცვას სამართლებრივად, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნებს, რომლებსაც ყველა შემქმნელზე აქვს გავლენა.

შესაძლოა, გსმენიათ რამდენიმე ცნობილი შემთხვევის შესახებ, როცა ვთხოვეთ საავტორო უფლებების მფლობელებს, უარი ეთქვათ წაშლის მოთხოვნებზე და აღედგინათ სამართლიანი გამოყენების ვიდეოები. მაგალითად:

  • The Young Turks-ის ვიდეო რომელიც შეიცავს მოკლე ნაწყვეტებს გაკრიტიკებული რეკლამიდან და მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იყო ის მნახველებისთვის შეურაცხმყოფელი.
  • Secular Talk-ის ვიდეო , რომელიც პოლიტიკოსს დიაბეტის მკურნალობის დაუსაბუთებელი მეთოდის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
  • Buffy vs Edward: Twilight Remixed -- [original version], ვიდეო, რომელიც ერთმანეთს ადარებს, თუ როგორ არიან ვამპირების შესახებ ორ თინეიჯერულ ნამუშევარში წარმოჩენილი ქალები.
  • „No Offense“, ქორწინების ეროვნული ორგანიზაციის მიერ ატვირთული ვიდეო, რომელშიც კონკრეტული ცნობილი პირის ვიდეო გამოყენებული იყო, როგორც უხეში ქცევის მაგალითი.

მეტი ინფორმაცია

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ სამართლიანი გამოყენების შესახებ, ონლაინ უამრავი რესურსია ხელმისაწვდომი. მოცემული საიტები საგანმანათლებლო დანიშნულებისაა და არ არის მხარდაჭერილი YouTube-ის მიერ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
18055884260638930639
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false